წინა სტატიაში ჩვენ ვისაუბრეთ ბიჰევიორისტულ სწავლებაზე და აღვნიშნეთ, რომ ბევრ დადებით მხარესთან ერთად სწავლების ამ მეთოდს აუცილებლად სჭირდებოდა დახვეწა. დღევანდელ სტატიაში გესაუბრებით ბანდურას სწავლის სოციალურ- კოგნიტურ თეორიაზე. რატომ ? რადგან, სწორედ კანადელი ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა ამბობდა: " ქცევის ბიჰევიორისტული ახსნა უფრო არასრულია ვიდრე არაზუსტი".
ბანდურამ თავის თეორიას სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია უწოდა, რადგან, მისივე განმარტებით, „სოციალური“ ხაზს უსვამს ადამიანის შემეცნებისა და ქცევის სოციალურ წარმომავლობას, ხოლო „კოგნიტური“ — ადამიანის ემოციაზე, მოტივაციასა და ქმედებებზე შემეცნებითი პროცესების ზემოქმედებას.
სოციალურ-კოგნიტური თეორია დამყარებულია რწმენებზე, მოლოდინებზე, მოტივაციასა და რაც ყველაზე მთავარია მე-კონცეფციაზე. ბანდურას მიხედვით ,ადამიანის ფუნქციონირებას განსაზღვრავს პიროვნული ფაქტორები, გარემო და ქცევები, და მათი ურთიერთდამოკიდებულება .სწავლების სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით ადამიანს შეუძლია ისწავლოს არა მხოლოდ საკუთარი ქცევის შედეგებიდან გამომდინარე, არამედ სხვებზე დაკვირვებითაც, მიბაძვით.
ბანდურა განასხვავებს სუფთა მიბაძვას და შეგნებულ მიბაძვას და ფიქრობს რომ სწავლა სწორედ ამ უკანასკნელზე უნდა იყოს დაფიძნებული , რადგან ამ შემთხვევაში სუბიექტი ხვდება მისაბაძი ქცევის მნიშვნელობას და შეგნებულად ბაძავს. სუფთა მიბაძვის შემთხვევაში კი მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა რომელსაც ბაძავს ( მიბაძვის ეს სახე ძირითადად ცხოველებისთვის და პატარა ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი).
ბანდურა აღწერს ოთხ პროცესს, რომლებისც ზეგავლენას ახდენს სხვაზე დაკვირვების გზით რაიმეს დასწავლაზე :
>ყურადღება
>შენარჩუნება
>გამეორება
>მოტივაცია
ყურადღება და შენარჩუნება ხელს უწყობს მოდელის (ადამიანის, რომელსაც აკვირდებიან) ქცევის ათვისებას, ხოლო აღდგენა და მოტივაცია უზრუნველყოფს დამკვირვებლის მიერ ნასწავლი ქცევის რეალურ განხორციელებას. მოსწავლეზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ მოდელის ქცევა, არამედ ის შედეგები, რომელიც მოდელის მოქმედებებს მოჰყვა, ანუ წახალისდა თუ დაისაჯა მოდელი გარკვეული ქცევისთვის.
სხვა ადამიანებზე დაკვირვებით და საკუთარი გამოცდილების შედეგად ადამიანს უყალიბდება ე.წ.
ქ ც ე ვ ი ს ს ტ ა ნ დ ა რ ტ ე ბ ი , რომლებიც ქმნიან თვითრეგულაციის შესაძლებლობას. ამგვარად, სტანდარტის შესატყვისი ქცევა უფრო თავდაჯერებულს ხდის ადამიანს და პირიქით, შეუსაბამობა იწვევს უპატივცემულობას საკუთარი თავის მიმართ. ამიტომ, გარკვეული დაცვითი მექანიზმების გამოყენებით ადამიანი ახერხებს აარიდოს თავი ამ უსიამოვნო განცდას. (სკოლის მაგალითზე ეს მოდელი შემდეგნაირად გამოიყურება ) :
> მორალური გამართლება (გადავაწერინე, იმიტომ რომ შემეცოდა)
> წარმოდგენების შეცვლა (ვიხუმრე- დიდი ამბავი)
> მომგებიანი შედარება ( ჩემზე უარესად ის მოიქცა )
> პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაბრალება ( დამავალეს)
> პასუხისმგებლობის განაწილება ( ასე მოვილაპარაკეთ ჯგუფმა )
> შედეგების დამახინჯება ( მე ფეხი გამოწეული მქონდა, ის წამოედო და წაიქცა)
> დეჰუმანიზაცია ( ცუდი ბიჭია, ეგრე მოუხდება )
ქცევის თვითრეგულაციაში, სტანდარტებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მომთხოვნელობის დონე. ადამიანი, რომელსაც მომთხოვნელობის მაღალი დონე აქვს, უფრო თავდაჯერებული და მიზანსწრაფულია. ბანდურა მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მომთხოვნელობის დონე შეესაბამებოდეს ქცევის რეალურ შედეგს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი განიცდის იმედგაცრუებას და შეიძლება მიატოვოს ყველანაირი საქმიანობა.
ადვილი შესაძლებელია, ქცევის სტანდარტები და ადამიანის
შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. თუ სტანდარტი უფრო მაღალია, ადამიანს, შესაძლოა, ჩამოუყალიბდეს დეპრესია, არასრულფასოვნების განცდა ან ქრონიკული გაუბედაობა. ბანდურა მიიჩნევს, რომ ადამიანის ქცევა უფრო კარგად განმტკიცდება, თუ ის დადებითად ფასდება არა გარეშე პირის, არამედ თავად ამ ადამიანის მიერ. ე. ი. თვითშეფასებით მიღებული განმტკიცება გარეგან განმამტკიცებელზე უფრო ძლიერია.
სოციალურ - კოგნიტურ თეორიაში მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს თავიანთი აზრებისა და ქცევების კონტროლი. ამითვის აუცილებელია მასწავლებელმა იცოდეს, რა უნარების ფლობას გულისხმობს თვითრეგულირებული სწავლა, რათა ამ უნარების გავარჯიშებასა და დაუფლებაზე იმუშაოს მოსწავლეებთან.
თვითრეგულირებული სწავლის უნარის მქონე მოსწავლეს შეუძლია :
> მიზნების დასახვა
> დაგეგმვა
> თვითმოტივაცია
> ყურადღებისა და ემოციების კონტროლი
> სწავლის სტრატეგიების გამოყენება მიზნის მისაღწევად
> თვითმონიტორინგი
> დახმარებისთვის მიმართვა
> თვითშეფასება
სწავლების მნიშვნელოვანი მიზანია მოამზადოს მოსწავლეები მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის. ალბათ სწორედ ესაა ყველაზე დიდი განსხვავება ბიჰევიორისტულ და სოციალურ-კოგნიტურ სწავლებებს შორის. ა. ბანდურას თეორიის გააზრებული გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს მოსწავლის ქცევა , აკონტროლოს ის და განსაზღვროს ეფექტიანი ხერხები სასურველი ქცევის დაუფლებისთვის.
ავტორი: ნუცა ხრიკული
Комментариев нет:
Отправить комментарий